შენახულები (0) 

"ფოკანის სახელოსნოების" ისტორია

ფოკანის მაღაზია"ფოკანის სახელოსნოები" 2000 წლიდან იღებს დასაბამს, როდესაც ქართული მინანქრისა და ოქრომჭედლობის უძველესი ტრადიციების აღდგენის მიზნით, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და ფოკას წმინდა ნინოს დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედის ძალისხმევით, მონასტერში დაიწყო მინანქრის დამუშავების ტრადიციების აღდგენა და დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით დაარსდა სახელოსნო „ფოკანი“. თავდაპირველად „ფოკანი“ მხოლოდ საეკლესიო ნაკეთობებს ამზადებდა.
მომდევნო წლებში  “ფოკანის” პროდუქციის ხაზი გაფართოვდა.
2005 წლიდან გაიხსნა კერამიკისა და ფაიფურის ნაკეთობების ხელით მოხატვის მიმართულება.
2007 წელს „ფოკანმა“ სრულიად ახალ სფეროში - მოზაიკის ნაკეთობებზე დაიწყო მუშაობა და საფუძვლიანად განავითარა ეს მიმართულება.
წლების განმავლობაში აქტიურად ეწყობოდა სახელოსნოს უკვე მრავალგვარი პროდუქციის გამოფენები როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ. "ფოკანმა" მონაწილება მიიღო 2007 წელს რომში და 2008 წელს პარიზში გამართულ გამოფენებში.
2010 წლიდან  საეკლესიო მიმართულებას დაემატა საერო-სამკაულების ხაზი და დაფუძნდა „ფოკანის სახელოსნოები“.
ოდითგანვე, ტიხრული მინანქარი, ცვარა და ფილიგრანი სამეფო ხელობებად ითვლებოდა, რომელთა შორის ტიხრული მინანქარი აღმატებულია. „ფოკანის სახელოსნოები“ მიზნად ისახავს ქართული მინანქრის, ოქრომჭედლობის, მოზაიკისა და კერამიკის ტრადიციების, ძველი ტექნიკის აღდგენასა და უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მათ შემდგომ გაფრთხილებასა და გამდიდრებას. სწორედ ამიტომ,  „ფოკანის“ სავაჭრო ნიშანს ბრილიანტის კვეთის ფონზე გამოსახული შროშანი წარმოადგენს.


ფოკანის მაღაზიაყველა ჩვენი ნაკეთობა, უმთავრესად, დავით კაკაბაძის მიერ მოკვლეული და "ქართული ორნამენტის გენეზისში" თავმოყრილი ორნამენტიკითა და ფერთა გამით არის შთაგონებული.
"ფოკანის" საერო ნაკეთობებში  ძველი ქართული ორნამენტიკის მოტივები და სიმბოლოები ჰარმონიულადაა შერწყმული დიზაინერების მიერ სტილიზებულ თანამედროვე ფორმებთან. ჩვენთან ნატიფი ხელოვნების ისტორია და მომავალი უკავშირდება ერთმანეთს როგორც უძველესი ქართული მინანქრისა და ოქრომჭედლობის ტრადიციების აღდგენის გზით, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და თითქმის უნაკლოდ მოაღწია დღემდე, ასევე  საიუველირო და ნატიფ ხელოვნებაში უახლესი ტექნოლოგიების ათვისებითა და დანერგვით.
ჯილდოები
2005 წელს, "საქართველოს ეკლესიაში თავდადებული მოღვაწეობისთვის და მინანქრის ხელოვნების აღორძინებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის" საეკლესიო ფოკანის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააჯილდოვა საპატრიარქოს სიგელით.
2010 წელს "ფოკანი" ჩაირიცხა მსოფლიოს იმ საიუველირო კომპანიების რიგებში, რომლებიც კალრ ფაბერჟეს მემორიალური ფონდის წევრები არიან. ფოკანის სახელოსნოებს გადაეცა საპატიო ჯილდო - მიხაილ პერხინის ორდენი, საიუველირო საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
საქმიანობა
"ფოკანის სახელოსნოებში" ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის საუკეთესო ტრადიციებისა და უახლესი ტექნოლოგიების შერწყმით მზადდება საეკლესიო ნივთები და საერო სამკაულები. ამას ემატება მიკრომოზაიკის ტექნიკით დამზადებული ნაკეთობები, რაც დღეს მსოფლიოში მხოლოდ ორ ადგილას, - იტალიასა და საქართველოში, „ფოკანის სახელოსნოებში“ მზადდება, ასევე ხელით მოხატული კერამიკა და ფაიფური, ჭურჭელი და სამშვენისები. წარმოება ორ ძირეულ ნაწილად იყოფა - საეკლესიო და საერო მიმართულებებად. საეკლესიო ფოკანის მომხმარებლები ძირითადად არიან ეკლესია-მონასტრები, ან სამღვდელო ფიზიკური პირები, ხოლო საერო ფოკანის კლიენტურას ძირითადად  წარმოადგენს საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე პირები.


ფოკანის მაღაზიასამკაულის გარდა საერო ფოკანი აწარმოებს კერამიკის საყოფაცხოვრებო ნივთებს, გამოყენებით თუ დეკორატიულ ჭურჭელს. საფრანგეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის ფაიფურის, ფაიანსის, ბისკვიტის „თეთრეულს“, რომელიც ილუსტრირდება და გამოიწვება ფოკანში.
კომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა ხარისხითა და უნიკალურობით და ანალოგი არ გააჩნია, რადგან დამზადებულია ექსკლუზიური დიზაინით, „ფოკანში“ აღდგენილი ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის რთული ტექნიკის გამოყენებით, ტრადიციული ორნამენტიკისა და სტილის დაცვით, რასაც ემატება უახლესი, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები.


რითი ვამაყობთ?
ჯერ მხოლოდ ათი წელია მას შემდეგ, რაც "ფოკანის" საეკლესიო სახელოსნომ ფუნქციონირება დაიწყო და კომპანიამ  მომავალი განვითარებისკენ აიღო გეზი. წლების განმავლობაში თავდაუზოგავი მუშაობისა და აქტიური სწავლის შედეგად, ჩვენ შევძელით ნაკეთობების დახვეწა, მათთვის ფოკანის განსაკუთრებული სტილის მინიჭება და მომხმარებლის აღფრთოვანებაში მოყვანა.
დღეს "ფოკანი" უკვე გაცილებით მეტია. სახელოსნოებმა ეკლესიის წიაღიდან აიღო წარმატებული დასაწყისი და 2010 წლიდან არაჩვეულებრივი სამკაულების,აქსესუარებისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებით საერო ცხოვრების გამშვენიერებასაც ემსახურება .


ფოკანის მაღაზიასამკაულების წარმოებას მართალია უკვე დახელოვნებული ოსტატები და წარმატებული კომპანია უმაგრებდა ზურგს, მაგრამ ამ სრულიად ახალი სფეროს დანერგვამ მრავალი სირთულე წამოჭრა; თუმცა, ამ შემთხვევაშიც, "ფოკანში" ჩართული ადამიანების თავდაუზოგავმა შრომამ და უბადლო ოსტატობამ  შედეგი გამოიღო და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ  საიუველირო „ფოკანი“ წარმატებით შეუდგა ბრენდის, და თავად ნატიფი ხელოვნების განვითარებას საქართველოში.
რაც ყველაზე მთავარია, „ფოკანი“ არ კარგავს თვითმყოფადობას და თავის სიტყვას ამბობს საიუველირო სამყაროში. უძველესი ტექნოლოგიების აღდგენით და დახვეწით, ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებით, ძველი ორნამენტიკისა და დიზაინერთა მიერ შექმნილი ულამაზესი ფორმების შერწყმით იქმნება "ფოკანის" უნიკალური სამკაული.
ტიხრული მინანქარი
სამკაულის დამზადების პროცესი იწყება ვერცხლის ან ოქროს დამუშავებით და მინარევებისგან გაწმენდით. ლითონისთვის ფორმის მიცემის შემდეგ მისი მოპირკეთება რამდენიმე მასალით არის შესაძლებელი: ტიხრული მინანქრით, მოზაიკით, ძვირფასი ქვებით. ხშირად ერთ ნაკეთობაში რამდენიმე მასალაა გამოყენებული.
ტიხრული მინანქრით შემკული ნაკეთობის შექმნის პირველ ეტაპს ოქროს ტიხრების დამზადება, მათთვის ფორმის მიცემა და ესკიზის მიხედვით ნახატის აწყობა წარმოადგენს. შემდეგ, მიღებულ ფიგურებში ფუნჯის ან ნემსის დახმარებით სვამენ ფერად მინანქარს და გამოწვავენ ნაკეთობას.
მოზაიკა
სამკაულის მიკრომოზაიკით მოპირკეთების პროცესი იწყება სმალტის დამზადებით. სმალტას ცეცხლზე არბილებენ, საჭირო ფორმას აძლევენ, წელავენ გარკვეულ ზომამდე, შემდეგ ამტვრევენ და აწყობენ გამოსახულებას ან ორნამენტს ვერცხლის/ოქროს ფორმაზე და  სპეციალური წებოთი ამაგრებენ.
კერამიკა
რაც შეეხება კერამიკას, ფაიფური და ფაიანსი "ფოკანში" საფრანგეთიდან, ქალაქ ლიმოჟიდან ჩამოდის. ეს მხოლოდ ბისკვიტია, ერთხელ გამომწვარი ჭურჭელი, რაც შემდგომ  "ფოკანის" კერამიკის სახელოსნოში იხატება ფანქრით, ჭიქურდება ფერადი საღებავებით, ზედ ევლება გამჭვირვალე ჭიქური და გამოიწვება.

  Pokany © All Rights Reserved
ENG GEO